თბილისის ისტორია ლეღვთახევის კედელზე იქნება ნაჩვენები

თბილისის ისტორია ლეღვთახევის კედელზე იქნება ნაჩვენები

10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან, კომპანია „ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია.

პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი – ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს.

პროექტის მიზანი არის ტურისტებს გავაცნოთ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შევთავაზოთ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილები, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და რა თქმა უნდა  მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ასეთი განსხვავებული კომუნიკაციის საშუალებით. ასევე, დამთვარიელებლებისთვის საინტერესო, ინფორმაციული და გასართობი სანახაობის შეთავაზება. ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეო ანიმაცია.  

ორგანიზატორები მადლობას უხდიან დახმარებისთვის და თანადგომისთვის ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, კრწანისის გამგეობას, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სინათლის ქალაქს, გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია copter.ge-ს, ქალბატონ ნონა გიუნაშვილს, ბატონ მიხეილ კობიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას.

 

კომენტარები

კომენტარი