როგორ გავერთოთ ამ პარასკევს,შაბათს და კვირას? პასუხი აქ არის

როგორ გავერთოთ ამ პარასკევს,შაბათს და კვირას? პასუხი აქ არის

Thanks GOD for Friday !!! ეს ჩვენი ერთ-ერთი სლოგანია, რომლის იმედითაც ვცოცხლობთ ბაზმედიელები და მგონი მე განსაკუთრებით. ორშაბათ დილიდან მოყოლებული რომ იღვიძებ და გგონია აი პარასკევი გათენდა და ტკაც… და არაა გათენებული, რა უღიმღამოდ წამოდგები საწოლიდან, მგონი ხვდებით?! სამაგიეროდ დღეიდან კვირის ჩათვლით დასვენებისა და გართობის განუმეორებელი ორდღენახევარი გვაქვს. ამინდიც ხელს გვიწყობს. ამ პოსტში თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ივენთები და წახვიდეთ გასართობად.

პარასკევი, 13 მარტის საღამო

მხატვარ ვლადიმერ კანდელაკის ნამუშევრების გამოფენა

1

საქართველოს მწერალთა სახლში 11 მარტს გაიხსნა ვლადიმერ კანდელაკის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “შეხვედრა მხატვართან”.  ვლადიმერ კანდელაკის შემოქმედება ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი ერთ-ერთი პირველია იმ ქართველ მხატვართა შორის, რომელთაც ნონკონფორმისტული ხასიათის ნამუშევრები შექმნეს `უძრაობის~ მძიმე პერიოდში. მისი ფერწერული ნამუშევრების პარალელურად, წლების განმავლობაში იქმნება პოპარტების სერია, სადაც დეკორატიულობა, კომპოზიციური გადაწყვეტა, ელემენტების შერჩევის პრინციპი მუდმივად იცვლება და ვითარდება, როგორც თავად მხატვრის ცხოვრება. გამოფენა დღეს 19:00 საათამდე გაგრძელდება.

 

BASSIANI: ■ NIHAD TULE ■ BERIKA

2

ბასიანი 13 მარტს, საღამოს 11 საათიდან წარმოგიდგენთ NIHAD TULE-ს ტექნო მუსიკას სტოკჰოლმიდან. ის შვედურ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული და წამყვანი პროდუსერია. მოსტარში დაბადებული მუსიკოსის ოჯახს ქალაქ ნორკოპინგში(შვედეთის აღმოსავლეთ სანაპირო) მოუწია გადასახლებამ. ნიჰადი პატარა ასაკიდანვე დაინტერესდა ელექტრონული მუსიკით, პროდუსინგითა და დიჯეინგით. მისი დიჯეი სეტები აქტიური მუსიკით ხასიათდება. ნიჰად ტულესთან ერთად ბასიანზე ქართველი ტექნომუსიკოსი ბერიკაც წარსდგება.  ბილეთის წინასწარ შეძენა მხოლოდ ბასიანის მეგობრებს (ფეისბუქზე) შეუძლიათ პეკინზე 10 ლარად, ლიტ.კაფეში. ადგილზე კი ბილეთის ღირებულება 20 ლარი იქნება. მე მიყვარს პარასკევი დღე მხოლოდ იმიტომ, რომ ბასიანზე შემიძლია წავიდე, სასმელი ავიღო, მეორე სართულზე პუფში ჩავჯდე და ვუსმინო კარგ მუსიკას, შემხვდეს ბევრი კარგი ნაცნობი და მეგობარი და გათენებამდე ვილაპარაკოთ სხვადასხვა რამეზე კარგი მუსიკის თანხლებით.

 

სტრიპტიზი

striptease6

სამეფო უბნის თეატრი 13 მარტს, საღამოს 20:00 საათზე წარმოგიდგენთ პოლონელი დრამატურგის – სლავომირ მროჟეკის ”სტრიპტიზს”, ნიკა თავაძის რეჟისორობით. თავისუფლებაშეზღუდული და პატიმრობაში აღმოჩენილი ორი მამაკაცი, რომელთაც არ იციან დაკავების მიზეზები. ისინი ერთმანეთისგან, განსხვავებული თვისებებით გამოირჩევიან. ერთი თავის დახსნაზე ფიქრობს, მიზეზებს ეძებს, მოქმედებს და არ სურს შეწყვიტოს ფიქრი. მეორე კი მისი საპირისპიროა, “ბედსდამყოლი”, უნებისყოფო და ბუნებით მორჩილი ადამიანი. მათ მხოლოდ ერთი სივრცე და უცნობი ხმა აერთიანებს, რომელიც მათზე ბრძანებლობს და ეუბნება “გაიხადე”. ”რას ნიშნავს თავისუფლება? ეს არის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სანამ მე აი, აქ ვზივარ, კარი ღიაა და ვიცი, რომ ნებისმიერ წუთს შემიძლია გავიდე, თავისუფალი ვარ. მაგრამ, საკმარისია ავდგე და გავიდე არჩევანს გავაკეთებ და შესაბამისად გამოვრიცხავ შესაძლებლობას ან ასე მოვიქცე, ან ისე. სხვაგვარად შევიზღუდავ თავისუფლებას. ჩემი გასვლის მონა გავხდები!” სპექტაკლში მონაწილეობენ დათა თავაძე და პაატა ინაური. ხანგრძლივობა 70 წუთი, ბილეთის ღირებულება 10 ლარი.

 

ჩაბას ჯაზ-როკ კაფე, ლაივ კონცერტი

10497326_667876640008767_47242470964928851_o

საღამოს 9-იდან 12 საათამდე, ჩაბას ჯაზ-როკ კაფეში Decay Band ძალიან კარგ მუსიკას გპირდებათ. ვოკალისტ მარიან შენგელიას თბილი და არაორდინალური ხმა, ბენდის მიერ კარგად შესრულებული მუსიკა, მყუდრო გარემო  და ცოტა სასმელი მშვენიერი განწყობისთვის სრულიად საკმარისია. ვისაც ლაივ მუსიკა გიყვართ და მარიან შენგელიასთვის ჯერ არ მოგისმენიათ, აქ აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ჩაბას ჯაზ-როკ კაფე, ვაშლოვანის 3 ნომერში, ბარ ფარენჰეიტის გვერდით მდებარეობს.

 შაბათი, 14 მარტი

“მე მდინარე…”

3

სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” 14 მარტს მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება აქცია-პერფორმანსით “მე მდინარე…” ყოველი წლის 14 მარტს მსოფლიო მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას მდინარეებთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ, ამასთანავე, ეს არის პროტესტი მდინარეების რესურსის არასწორად გამოყენების არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მხრივ საკითხი მეტად მწვავედ დგას. მდინარეების ნაწილი არასათანადოდ შესწავლილი და დაპროექტებული ჰესების მშენებლობის მსხვერპლია. 2014 წლის მაისში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ამოავსო დარიალჰესის სადერივაციო გვირაბები, იყო მსხვერპლიც – სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ჰესზე დასაქმებული 7 მუშა. მხოლოდ სვანეთში დაგეგმლია 30-მდე ჰესის მშენებლობა. მათ შორისაა 702 მგვტ სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენების შემთხვევაში მთლიანად წყლის ქვეშ ექცევა ხაიშის თემში შემავალი სოფლები. გარდა ამისა, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე მდინარეების საერთო პრობლემა მათი დაბინძურების მაღალი დონეა. გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობა მდინარეეებს ხშირად ნაგავსაყრელად იყენებს. ღონისძიება დაიწყება 14:00 საათზე, რიყის პარკში ტეროტორიაზე. მოდი და გამოხატე შენი მოქალაქეობრივი პოზიცია გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. მოითხოვე უკეთესი გარემო.

 

ფრანგულენოვანი კინოს დღეები

4

12-15 მარტის ჩათვლით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო და კანადის საელჩო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ატარებს ფრანგულენოვანი კინოს დღეებს. 13 მარტს, 20სთ-ზე წარმოდგენილი იქნება ფრანგული დოკუმენტური ფილმი – დავიდ ანდრეს “ჯერ სკოლა დაამთევრე” (2014), ქართული სუბტიტრებით.

14 მარტს 17 სთ-ზე წარმოდგენილი იქნება ფრანგული ფილმი – ემანუელ ბერკოს “ბეტი მიდის” (2013), კატრინ დენევის, ნემო შიფმანისა და ჟერარ გარუსტის მონაწილეობით. ქართული სუბტიტრებით.

14 მარტს 20:00 საათზე წარმოდგენილი იქნება ფრანგული ფილმი – კრისტიან ვენსანის “პრეზიდენტის მზარეული” (2012), ატრინ ფროს, ჟან დ’ორმესონისა და ჰიპოლიტ ჟირარდოს მონაწილეობით, ქართული სუბტიტრებით.

15 მარტს 20:00 საათზე კი გაიმართება დასკვნითი ჩვენება. წარმოდგენილი იქნება კანადური ფილმი – გზავიე დოლანის “Mommy” (2014), ვივიან პასკალის, ანტუან-ოლივიე პილონისა და ან დორვალის მონაწილეობით, ასევე ქართული სუბტიტრებით. კინოჩვენებები გაიმართება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის გამზ 40.

 

რაგბი საქართველო – რუსეთი

5

მესხის სტადიონი, 17:00 საათი, ქართველი ბორჯღალოსნების მე-19 რკენა რუს დათვებთან. იმედია  ლელოებს დადებენ ბორჯღალოსნები და ლამაზ სანახაობას შესთავაზებენ გულშემატკივრებს. ბილეთის ღირებულებაა 3 და 5 ლარი.

 

Vodkast with Mr Raoul K • Zurkin • Vakho • Kancheli • Vizuals: Temo Machavariani

6

რაგბის შემდეგ ცოტა ხნით შეგიძლიათ დაისვენოთ და შემდეგ მტკვარზე წამოხვიდეთ, სადაც ძალიან მაგარი ივენთი დაგხვდებათ.

Vodkast-ი Mr Raoul K-სთან ერთად, Zurkin,  Vakho და ჩემი ფავორიტი Kancheli.  ვიზუალურ გაფორმებაზე თემო მაჭავარიანმა იზრუნა. ბილეთის ღირებულება 10 ლარია. დასაწყისი საღამოს 11 საათი. Mr Raoul K სამხრეთ აფრიკელი დიჯეია, რომელმაც 1992-ში დატოვა სამშობლო და ჰამბურგში გადავიდა საცხოვრებლად. ელექტრონული მუსიკის სულისჩამდგმელ ქვეყანაში, მისტერ რაულიც დაინტერესდა და მალე მუსიკის კეთება დაიწყო. სწავლის პარალელურად ის სხვადასხვა ივენთებზე მიქსავდა. მის მუსიკაში თქვენ აფრიკული ფოლკლორისა თუ ინსტრუმენტების ხმებს აუცილებლად ამოიცნობთ, რაც მის მიქსებს ძალიან საინტერესოს ხდის. მას ფანები უკვე მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს, მის აფრო-ტექ-ჰაუსს მიმდევრებიც გაუჩნდნენ. მოისმინე მისი მუსიკა საუნდქლაუდზე

 

კვირა, 15 მარტი

ძაღლების მხიარული გასეირნება

7

კვირა დღე მყუდროდ დასვენებასა და რელაქსაციას დაუთმეთ ან თუ გყავთ ძაღლი, ვაკის პარკში მხიარული გასეირნება მოაწყვეთ. და თუ არ გყავთ არც ესაა პრობლემა. სოფლის სოციოლოგთა კლუბი გიწვევთ თავშესაფარში მცხოვრები ძაღლების გასასეირნებლად ვაკის პარკში. აჩუქეთ სითბო და ბედნიერი დღე მიუსაფარ ძაღლებს. კვირას, 2 საათიდან გელოდებით ვაკის პარკში. თან ამინდიც არაჩვეულებრივი გველოდება.

 

გემრიელ დილის ძილს, საინტერესო საღამოს გართობასა და მხიარულ შუა დღეებს გისურვებთ.

კომენტარები

კომენტარი