საქართველოში კამპანია „კაცები ზრუნავენ“ იწყება

საქართველოში კამპანია „კაცები ზრუნავენ“ იწყება

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით, საქართველოში კამპანია MenCare იწყება.

ინიციატორები დევიზით „კაცები ზრუნავენ“ კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს იწვევენ, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6% – არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის წამოსაწყებად, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიური მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად განხორციელებულმა კამპანიებმა და ღონისძიებებმა („მამა, წიგნი წამიკითხე“, სატელევიზიო გადაცემა „მამები“, „წერილი შვილს“ და ა.შ.) საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სოციალურ ცვლილებებს შეუწყო ხელი.

კამპანია MenCare-ის საქართველოში დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გასაზრდელად გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს ეკუთვნის. კამპანია მთლიანად ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს.
კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები, რომელთაც მზრუნველი მამა ჰყავთ, გაცილებით ფრთხილები და დაცულები არიან როგორც ძალადობისგან, ასევე სხვა სოციალური პრობლემებისგან; შედარებით ადვილად შეუძლიათ სტრესთან გამკლავება და აქვთ უფრო წარმატებული მომავალი. ამდენად, მამაკაცების ზრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალების, ბავშვების და, ზოგადად, საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო, სპორტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სოციალურად აქტიური მამაკაცები, რომლებიც კამპანიის ძირითად პრინციპებს იზიარებენ. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა პასუხიმგებლობებისა და ვალდებულებების, სარგებლისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი