ჯეიმს ბონდის ახალი მისია “SPECTRE”

ჯეიმს ბონდის ახალი მისია “SPECTRE”


ლეგენდარული აგენტის, ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ, რიგით 24–ე ფილმს, “სპექტრი” ეწოდება. რეჟისორ სემ მენდესისთვის “ოპერაცია: Skyfall”-ის შემდგომ ეს უკვე მეორე ნამუშევარია. მენდესმა მოახერხა ის, რომ წინა ბონდებისგან საუკეთესო თვისებები, გმირის ქარიზმა და იუმორი აიღო და დღევანდელი რეალობის შესაბამისი აგენტი შექმნა “ოპერაცია: სკაიფოლში”. განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ასულმა აგენტმა მაყურებელში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ის ამ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს თავის ახალ კინოსურათშიც. “სპექტრში” კვლავ ვიხილავთ Q-ს და მის მანიპენის. რეჟისორს სურს, რომ ამ ორი პერსონაჟის ისტორია გაგრძელდეს და მაყურებელმა ისინი უფრო ახლოს გაიცნოს. მენდესმა ექშენ სცენებზე მეტი ყურადღება პერსონაჟების განვითარებას დაუთმო, რითაც, ფაქტიურად შექმნა წრე, რომლის შენებაც მარტინ კემპბელმა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო “კაზინო როიალით”.

სინოფსისი: უცნობი წყაროდან მიღებული დაშიფრული გზავნილის კვალს ბონდი ორგანიზაცია “სპექტრთან” მიჰყავს. მანამ, სანამ  M-ი ერთობ საშიშ პოლიტიკურ ძალებს ებრძვის, რომლებიც MI6-ის არსებობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, ბონდმა მის გარშემო ხელოვნურად შექმნილი სიცრუის ბარიერი უნდა გადალახოს და მიაგნოს საშინელ სიმართლეს, რათა “სპექტრის” სახიფათო საქმიანობა გამოააშკარაოს და მისთვის მეტად ძვირფასი ადამიანები დაღუპვისგან იხსნას. ფილმის სიუჟეტი 007–ის წარსულში გვახედებს და მისი ახალგაზრდობის წლების ბევრ გაურკვეველ დეტალს ნათელს ჰფენს. ფილმში მოვლენები ვითარდება ლონდონში, მექსიკაში, რომში, მაროკოში: ტანჟერსა და ერფუდეში. ასევე ავსტრიის ქალაქებში: ზოლდენში, ობესტილიახესა და ალტაუსეში.

რეჟისორი: ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სემ მენდესისთვის, რომელმაც ეს ორი ჯილდო “American Beauty”-თვის აიღო. (“ამერიკულმა სილამაზემ” ხუთი ოსკარი დაიმსახურა მათ შორის, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში) “სპექტრი” ახალ გამოწვევად იქცა. მას ძალიან მოეწონა სცენარი და მაშინავე დათანხმდა ფილმზე მუშაობას. ის დიდხანს ფიქრობდა თუ როგორი მიმართულება მიეცა სიუჟეტისა და პერსონაჟებისთვის, რა დაეტოვებინა უცვლელი და რა წამოეწია წინა პლანზე.  რეჟისორი ჯერჯერობით არ საუბრობს იმაზე თუ კონკრეტულად რა გამოარჩევს “სპექტრს” წინამორბედი ფილმებისგან, თუმცა მხოლოდ იმას გვიმხელს, რომ ჯეიმს ბონდს სერიოზულად მოუწევს იმაზე დაფიქრება, უღირს თუ არა ბრიტანეთის დაზვერვაში მუშაობა.

მსახიობები:  აგენტი 007–ის როლს კვლავ ინგლისელი მსახიობი, დენიელ კრეიგი შეასრულებს, რომელსაც ახალი ავტომობილი – Aston Martin DB10 ეყოლება. ბონდის გოგონას იმიჯს კი ფრანგი მსახიობი, ლეა სეიდუ, მოირგებს, რომელმაც 2013 წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო აიღო. ფილმში აგრეთვე ვიხილავთ ცნობილ ვარსკვლავებს: რალფ ფაინსს (M), ნაომი ჰარისს (მის მანიპენი), ბენ უიშოუს (Q), ენდრიუ სკოტსა და მონიკა ბელუჩის. როგორც ირკვევა პროექტში მონაწილეობას დათანხმდა კრისტოფ ვალცი, რომელმაც 2010 წელს მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ (მე ვიტყოდი, რომ – გენიალურად) შესრულებისთვის ოსკარი დაიმსახურა (მან კვენტინ ტარანტინოს ფილმში “უსახელო ნაბიჭვრებში” განასახიერა ნაცისტი პოლკოვნიკი, ჰანს ლანდა). ამბობენ, რომ ფილმში მას “მზაკვარი და შურისმაძიებელი ბოროტმოქმედის” განსახიერება მოუწევს. პრინციპში, კრისტოფ ვალცმა მაყურებელს თავი სწორედ ასეთი ტიპების, უცნაური იუმორის გრძნობით აღჭურვილი ანტაგონისტი გენიოსების თამაშით შეაყვარა. როგორც insider magazine წერს: “ვალცს წილად ხვდა საკმაოდ რთული პერსონაჟის თამაში. ერთი შეხედვით ძნელია იმის თქმა, მისი გმირი დადებითი იქნება თუ უარყოფითი. თუ თქვენ მიეჩვიეთ კრისტოფის მიერ განსახიერებულ უარყოფით გმირებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბონდის შესახებ ახალ ფილმში ის სწორედ ასეთ ამპლუაში წარდგება”.

James_Bond_Spectre_3127893k

რას უნდა ველოდოთ ფილმისგან: მენდესის ახალი კინოსურათის სახელწოდებას ფილმის სულ პირველ ეკრანიზაციებთან გადავყავართ. 007–ის შესახებ გადაღებულ ადრინდელ ფილმებში სადაზვერვი–ტერორისტული ორგანიზაცია “სპექტრი” ფიგურირებდა. ბონდიანას თაყვანისმცემლებს პირველი ფილმებიდან კარგად ემახსოვრებათ რომ ეს იდუმალი სტრუქტურა დიდი ხნით გაასწორეს მიწასთან. აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება ფილმის ყურება და იმის შეფასება თუ რისთვის დასჭირდათ ფილმის შემქმნელებს “სპექტრის” აღორძინება. ნუთუ დოქტორ ბლოფელდს კვლავ ვიხილავთ დიდ ეკრანებზე? ასე იქნება თუ ისე, ფაქტია, რომ რეჟისორი სრულიად განსხვავებულ და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება.

მსოფლიო პრემიერა 6 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი