ახალი ანიმაციური პროექტი “HOME 3D”/ 19 მარტიდან კინოთეატრებში (პრევიუ)

ახალი ანიმაციური პროექტი “HOME 3D”/ 19 მარტიდან კინოთეატრებში (პრევიუ)

ჰოლივუდში ყოველთვის ძალიან უყვარდათ ზღაპრები. კოსმოსურ ზღაპრებზე კი პირდაპირ ჭკუა ეკეტებოდათ. ეს დღემდე ასეა. უცხოპლანეტელები ფილმებიდან და კომიქსებიდან ნელ–ნელა ანიმაციის ჟანრში შეიპარნენ და თავიანთი დაუვიწყარი კვალიც დატოვეს. მსოფლიოში უამრავი ბავშვი გაოცებული სახით, პირდაღებული შესცქერის ანიმაციური ფილმების უცხოპლანეტელ პერსონაჟებს. უცნაური და ფერად–ფერადი არსებები უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცოტაც და ალბათ 3D ეკრანებიდან პირდაპირ ჩვენს რეალობაში ისკუპებენ. DreamWorks Animation-ის ახალი პროექტი – “HOME 3D” უცხოპლანეტელების თემატიკაზე შექმნილი კიდევ ერთი სახალისო ანიმაციური ფილმია.

სინოფსისი: ოპტიმისტი უცხოპლანეტელი “ბუვების” რასა, კაპიტან სმეკის მეთაურობით დედამიწას იპყრობს, რათა მოსისხლე მტრებს ამ პლანეტაზე დაემალოს და ამავდროულად თავშესაფარი, – ახალი  სახლიც იპოვოს. ბუვები დედამიწიდან ადამიანთა რასის უდაბნოსებურ პლანეტაზე გადასახლების პროცესს იწყებენ, თუმცა ერთი ჭკვიანი მოზარდი გოგონა, სახელად ტიპი, გაქცევას ახერხებს. ის დედამისს – ლუსის ეძებს. გზაში ხვდება გამოძევებულ ბუვს, სახელად “O”–ს, რომელმაც შემთხვევით ბუვების მტრებს თავისი რასის ადგილსამყოფელი შეატყობინა.

aaaweweeრეჟისორი: ანიმაციური ფილმების ისტორიაში ტიმ ჯონსონმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. მან ორჯერ მოიპოვა პრემია “Annie”, ანიმაციური ფილმებისთვის: “Antz” (1998) და “Over the Hedge” (2006), ასევე აიღო აუდიტორიის ჯილდო, ფილმისთვის: “Over the Hedge” (2006)” და მთავარი პრიზი, ანიმაციური ფილმებისთვის: “The Simpsons” და “Treehouse of Horror VI”. მის სხვა ნამუშევრებში გამოსარჩევია: “Sinbad: Legend of the Seven Seas” (2003) და “Kung Fu Panda Holiday Special” (2010). ის ასევე გახლავთ აღმასრულებელი პროდიუსერი ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმისა: “How to Train Your Dragon” (2010).

მსახიობები: თავმომწონე კაპიტან სმეკს, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომიკოსი – სტივ მარტინი, შეასრულებს. მოხერხებული გოგონას – ტიპის, როლში კი თავად Rihanna მოგვევლინება, მისი დედის – Lucy–ს პერსონაჟი, განუმეორებელმა Jeniffer Lopez-მა მოირგო. გაძევებულ ბუვს, “O”-ს კი ჯიმ პარსონსი ახმოვანებს.

რას უნდა ველოდოთ ანიმაციური ფილმისგან? ტიმ ჯონსონის ხელმძღვანელობით, DreamWorks Animation-ის გასაოცარი გუნდით, 132 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, არაჩვეულებრივი მსახიობებითა და განსხვავებული სიუჟეტით, დიდ ეკრანებზე ძალიან სასაცილო თავგადასავლები გველოდება. ასე, რომ კომფორტულად მოკალათდით კინოთეატრის სავარძელში და ახალი თაობის 3D ანიმაციის ყურებით დატკბით.

მსოფლიო პრემიერა 27 მარტსაა დაგეგმილი, საქართველოში კი ერთი კვირით ადრე, 19 მარტს გამოვა კინოეკრანებზე.

კომენტარები

კომენტარი