ახალი კომედია კინოთეატრებში “დროის მანქანა ჯაკუზში 2″ (პრევიუ)

ახალი კომედია კინოთეატრებში “დროის მანქანა ჯაკუზში 2″ (პრევიუ)

დროში მოგზაურობა ერთობ საინტერესო და ამავდროულად, სახიფათო საქმიანობაა, მითუმეტეს თუ საკითხი წარსულში პორტირებას ეხება, რადგან რაიმე უმნიშვნელო წვრილმანის შეცვლაც კი საკმარისია, რომ მომავალში  ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ამის შესახებ კარგად იცის სამეცნიერო ფანტასტიკის ყველა მოყვარულმა, ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი ფილმები: “Back to the Future” ანდა “Doctor Who”. რეჟისორმა, სტივ პინკიმ 2010 წელს საშუალო ბიუჯეტიანი (36 მლნ დოლარი) კომედია გადაიღო ყველაზე ეგზოტიკური სახელწოდებით, – “დროის მანქანა ჯაკუზში”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, შემქმნელებს კი 62 მილიონი დოლარის მოგება და სიქველის გადაღების უფლებაც მოუპოვა.

სინოფსისი
: ფილმის პირველ ნაწილში ოთხი მეგობარი – ადამი, ნიკი, ჯეიკობი და ლუ სრულიად მოულოდნელად, ყველაზე უცნაური საშუალებით, – ჯაკუზით გადაინაცვლებენ დროში და წარსულის შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცემათ… მეორე ფილმის სიუჟეტის მიხედვით ლუს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრება, ნიკი და ჯეიკობი გადაწყვეტენ მეგობრის გადასარჩენად გამოიყენონ ჯაკუზი დროის მანქანა, წარსულში დაბრუნდნენ და მეგობარი გადაარჩინონ; თუმცა მორიგი სულელური შეცდომის გამო წარსულის ნაცვლად ისინი მომავალში, 2025 წლის ფუტურისტულ სამყაროში ამოყოფენ თავს, სადაც ადამის ვაჟს, ადამს (უმცროსს) შეხვდებიან… ახლა მათ მოუწევთ შეცვალონ მომავალი, რათა წარსულის მოვლენები გამოასწორონ, რომელ წარსულსაც აწმყო წარმოადგენს…
o-HOT-TUB-TIME-MACHINE-2-facebook
რეჟისორი: სტივ პინკის შემოქმედება მრავალფეროვანია და მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. პინკი მრავალი საინტერესო პროექტის ავტორია; ქართველ კინომოყვარულთათვის კარგად ცნობილი და საყვარელი კომედია – “ჩაჭრილები” (Accepted) სწორედ სტივ პინკის გადაღებულია. რაც შეეხება მის საპროდიუსერო საქმიანობას, აქ გამოირჩევა ფილმი, – “Knight and Day” (2010), სადაც მთავარ როლებს ტომ კრუზი და ქემერონ დიასი  ასრულებენ და სატელევიზიო სერიალი – “ანტურაჟი” (Entourage, 2004–2011). “დროის მანქანა ჯაკუზში 2″ რეჟისორისთვის, რიგით მეთერთმეტე კინონამუშევარია.

მსახიობები: მთავარ პერონაჟებს კვლავ რობ კორდრი, კლარკ დიუკი და კრეიგ რობინსონი ასრულებენ; ადამის (ჯონ კიუსაკის) ვაჟის, ადამ უმცროსის როლში კი – ადამ სკოტი მოგვევლინება.

hot-tub-time-machine-2-jacob_article_story_large
რას უნდა ველოდოთ ფილმისგან? მაშინ როდესაც ჩვენ მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია მომავლის მსოფლიოზე, ფილმის პერსონაჟები არა მხოლოდ მოგზაურობენ მომავალში, არამედ კარგადაც ერთობიან. საინტერესოა ერთი გარემოება: ამ იდუმალი დროის მანქანის თავისებურება გახლავთ ის, რომ ფილმის გმირები ხვდებიან არა იმ დროში, სადაც მათ სურთ, არამედ იქ, სადაც საჭიროა რომ მოხვდნენ. დიდი დოზით იუმორი, შესანიშნავი სამსახიობო გუნდი, არაჩვეულებრივი სიუჟეტი და თავბრუდამხვევი თავგადასავლები საუკეთესო განწყობას შეგიქმნით. ასე, რომ მოემზადეთ, რადგან კინოთეატრის სავარძლებიდან თქვენ პირდაპირ მომავლის სამყაროში ამოყოფთ თავს.

საქართველოს კინოთეატრებში პრემიერა 26 მარტს შედგება. ფილმის ნახვა კინომოყვარულებს  ქართულ ენაზე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი